05/12/2022
18:43
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის უდიდესი პატივია, უმასპინძლოს სალომე ზურაბიშვილს ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მიმდინარეობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი მოწიწება, პატივისცემა მინდა, გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად, გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. ამიტომ, მე ძალიან მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.
მისივე თქმით, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს.
„გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
0
0