21/11/2024
17:22
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორის მოადგილეს, დანიელა კოლბეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში „სისტემური დარღვევებით ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რამაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა იქონია და სადაც დაირღვა კონსტიტუციური ნორმები როგორც ხმის მიცემის ფარულობის, ასევე, არჩევნების საყოველთაობის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები. ამ დროისთვის არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, საჭიროა, ქვეყანამ შექმნილი ეს კრიზისი, რაც შეიძლება ნაკლები რყევების გარეშე გაიაროს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კრიზისის დაძლევის საკუთარი გეგმა გააცნო, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ხოლო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაციისა და საკანონმდებლო გარემოს ცვლილებას და საერთაშორისო პრაქტიკასთან მის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
აქვე, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის როლს დემოკრატიის მშენებლობაში და მათი უწყვეტი მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.
0
0