29/12/2022
14:49
პოლიტიკა
„ყველანაირი აქცია მინახავს, მაგრამ „მოკალი“ აქცია არ მინახავს, გამიგია „არ მოკლა“ აქცია, მაგრამ „მოკალი“ აქცია 21-ე საუკუნეში არ გამიგია“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ტვ პირველის ეთერში ორბელიანების სასახლესთან 28 დეკემბერს გამართულ აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალოს.
ჩარკვიანს მიაჩნია, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასწრაფოდ და დროულად უნდა მიიღოს, რადგან, მისივე თქმით, მოწამლული ადამიანი დიდი ხანი ვერ გაძლებს.
„უპრეცედენტო და წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი მოისმინა საქართველოს პრეზიდენტმა. თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გრძნობს რომ ამით დასავლეთის პერსპექტივა იბლოკება და რა თქმა უნდა, ეს ასეა, გუშინ პრაქტიკულად დაადასტურა რომ სასამართლო მურუსიძის და ჩინჩალაძის არის, მაშინ მან სასწრაფოდ, ახლავე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მას მოეხსენება რომ მოწამლული ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს.
ყველანაირი აქცია მინახავს, მაგრამ „მოკალი“ აქცია არ მინახავს. ასეთი რამე აქამდე არ გამიგია. გამიგია „არ მოკლა“ აქცია, მაგრამ „მოკალი“ აქცია 21-ე საუკუნეში არ გამიგია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ფრონტზე ერთდროულად ვიბრძოდეთ.
არ შემიძლია არ ვთქვა, რომ აბსოლუტურად რუსულ გემბანზე გაუშვა იქ მისული ხალხი. იმიტომ რომ ეს არ იყო შვილმკვდარი მშობლების აქცია, ეს იყო შვილმკვდარ მშობლებს ამოფარებული ანგაჟირებული ხალხის აქცია. იცით რა? იქ მართლაც იყვნენ შვილმკვდარი და გულნატკენი ადამიანები, მაგრამ უბედურება ის არის რომ ამ ადამიანებს იყენებენ“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
0
0