14/01/2025
20:50
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გაემგზავრება იმ საბაზისო დოკუმენტით თუ როგორ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ახალ არჩევნებს, როგორი გზითაც არ უნდა იყოს ის მიღწეული , - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სიორიძის თქმით, პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებობს პრინციპული შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტის სახით საერთაშორისო თანამეგობრობას წარედგინება.
"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტი, რომელიც გაემგზავრება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, გაემგზავრება იმ საბაზისო დოკუმენტით, თუ როგორ ხედავენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ახალ არჩევნებს, როგორი გზითაც არ უნდა იყოს ის მიღწეული. პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას იმიტომ, რომ ამ ადმინისტრაციას ყველაზე ნაკლები ნდობა აქვს ისტორიაში. მისი მთავარი ბრალეულობა არის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცება, შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. ეს შეეხება ასევე საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, ჩვენი ემიგრანტების მონაწილეობას არჩევნებში, შესაბამისად ის პროცედურები, თუ როგორ უნდა იყოს ის მიღწეული, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც ჩვენ პრინციპული თანხმობა გვაქვს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, როგორც საერთო დოკუმენტს, ისე წარადგენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
0
0