15/06/2023
00:06
პოლიტიკა
"სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს აკრიტიკებდა წინა პრეზიდენტის, მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა “ვეტომდებელი" და ა.შ. თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც კი არ დაუდია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა.
კითხვაზე, რა კონსულტაციები მიმდინარეობდა პრეზიდენტთან და იყო თუ არა შეთანხმება, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „იმართებოდა კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის და ამ კონსულტაციების საფუძველზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა კონკრეტულად ლაშა ხუციშვილის წარდგენასთან დაკავშირებით”.
„დროც კი იყო დაკონკრეტებული, თუმცა, ამის შემდეგ რატომღაც პრეზიდენტმა თავისი პოზიცია შეცვალა“ და ბოლოს ისიც კი თქვა, რომ წლის ბოლომდე საერთოდ არ წარადგენდა კანდიდატურებს. ეს მიუღებელია, - განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფდა ინსტიტუციის დამოუკიდებლობას ლაშა ხუციშვილის შესვლა ეროვნულ საბჭოში, ვინაიდან, ის არის მოქმედი ფინანსთა მინისტრი, კობახიძემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ასევე წარადგინა ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდიდან, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
მისივე თქმით, გაუგებარია თუ წინა შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს კითხვები არ ჰქონია, საინტერესოა ამ შემთხვევაში, რატომ აქვს. კობახიძის განმარტებით ეს მხოლოდ საბაბია.
“საზოგადოებასაც რომ განვუმარტოთ რაშია განსხვავება. არის ორი კანონი, ერთი არის პრეზიდენტის ვეტო და მეორე ჩვენს მიერ მიღებული კანონი. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ პრეზიდენტის ვეტო ითვალისწინებს სამ ვიცე-პრეზიდენტს და ჩვენი კანონი ითვალისწინებს პირველ ვიცე-პრეზიდენტს და ორ ვიცე-პრეზიდენტს. ამაზე როგორ შეიძლება ან გაოგნდე, ან თქვა რომ დამოუკიდებლობას დააკარგვინებს ორგანოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0