
მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საარჩევნო აქტიურობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია, რა იგეგმება და როგორი აქცია იქნება.
„ყოველთვის ვგულშემატკივრობ საზოგადოებრივ პროტესტს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ივანიშვილზე ზეწოლისთვის. რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ამ აქციის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. პარტიები, რომლებიც ამ აქციის უკან დგანან, უნდა იყვნენ ინფორმირებული, რა იგეგმება. არ ვიცი, რა და როგორი აქციაა, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით. ერთი რამ ვიცი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამ უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე პროცესი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე საარჩევნო აქტიურობა. ჩვენ ამ ბრძოლაში იმიტომ შევედით, რომ გვინდა ხელისუფლების ცვლილება. ცრუ დილემაა მოგონილი პროპაგანდისტების მიერ. ბოიკოტი მათი უფლებაა, ოღონდ ცრუ დილემას უნდა მხილება. ჩვენ რომ არჩევნებში ვმონაწილეობთ, თითქოს ვამბობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა ჩაბეტონდეს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, მოხდება ისე, როგორც მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე წავიდა – ხელისუფლებამ მყარად ჩაიბეტონა პოზიციები. ხელისუფლების შეცვლა რომ გვინდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, ამიტომ შევდივართ საარჩევნო პროცესში. მათ თავად არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა იქნება 4 ოქტომბერს. არ ვიცი, ვინ არის ორგანიზატორი, ისიც არ ვიცი, ვინ გააცნობს საზოგადოებას გეგმას. ჩვენ ყოველთვის ვიღებდით პროტესტში მონაწილეობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის შეცდომა იყო ერთიანი ფრონტის არარსებობა და დაბალი აქტიურობა თბილისში.
„არჩევნების ბოიკოტის მომხრეები ამბობენ, რომ ისინი არიან ძლიერი თავიანთ პოზიციებში. საკუთარ პოზიციებში თუ ძლიერი ხარ, წადი და შენს საქმეს მიხედე. გაუგებარია, ჩვენზე ამდენ რესურსს რატომ ხარჯავენ. ჩვენ ვამბობთ, შეცდომად მიგვაჩნია, რომ არ იყო ერთიანი ფრონტი. შეცდომად მიგვაჩნია, რომ თბილისში დაბალი აქტიურობა იყო. არსებობს ხალხი, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები არის მისი სამოქალაქო უფლება. მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო გარემოა, მას არ უნდა, ბიძინა ივანიშვილმა წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ასეთივე ხალხს შეიძლება უნდოდეს აქციაზე გასვლაც“, – განაცხადა სამადაშვილმა.
0
0