22/06/2022
16:02
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
როგორც მან პარლამენტის პლენარული სხდომაზე აღნიშნა, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„ეს ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში. ამას პირდაპირ ჩვენი ევროპელი კოლეგები მიყვებიან, მავნებლურად, მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
მის ამ განცხადება სალომე სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.
„რა არის ტყუილი? ავხსნი, რატომ არ არის ტყუილი. ტყუილი არის თქვენი ყველა სიტყვა, რასაც თქვენ თქვენს მოქალაქეებს ელაპარაკებით. მე სიმართლეს ველაპარაკები, თქვენგან განსხვავებით. ახლა მოდი შეკითხვა დავუსვათ ამ ადამიანებს, „ევროპის სახალხო პარტია“ რომელი პარტიაა ხომ არ შემახსენებთ ქალბატონო ხატია (დეკანოიძე). ეს არის თქვენი მთავარი პარტნიორი პარტია. „ევროპის სახალხო პარტიამ“ მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი, ეს იყო პირდაპირ მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციებს ვუზიარებ ჩვენს მოქალაქეებს.
ახლა რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს იმიტომ, რომ იცის მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა. რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. იცნობდეთ ქვეყნის მოაღალატეს“,-განაცხადა პრემიერმა
0
0