
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 38.2 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია 35.5 პროცენტით. მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „მემარცხენე პარტიამ“ ხმათა 6.5 პროცენტი მიიღო, მწვანეებმა კი 5.7 პროცენტი. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 4.9-პროცენტიანი შედეგით მეხუთე ადგილზეა.
შესაბამისად, თუ საბოლოო შედეგები არ შეიცვლება პარტია 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას და რეგიონულ პარლამენტში მოხვედრას ვერ შეძლებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხარის ახალ პარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 32 მანდატს მოიპოვებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 29-ს, „მემარცხენე პარტია“ და „მწვანეები“ კი – ხუთ-ხუთს.
რაც შეეხება ბერლინს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პირველადი ეგზიტპოლის მიხედვით, ბერლინში „მემარცხენე პარტია“ 25.3 პროცენტით ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ხდება. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 19 პროცენტით, მესამეზე კი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის 16 პროცენტით – პარტიის შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით შვიდი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ბერლინში რეგიონულ არჩევნებში „მწვანეებმა“ ხმათა 14.3 პროცენტი მიიღეს, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი – 12.1 პროცენტი.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს გერმანიაში, ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები გაიმართა. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ეს მიწის პარლამენტის რიგით მეცხრე არჩევნებია. ბერლინში კი არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
0
0