
ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და მით უფრო ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს, გეოგრაფიაზე მინიშნება, აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ მთავრობა 12 რეკომენდაციას არ ასრულებს და „კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ“. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მინიმალური ნდობაც კი დაიკარგა.
„ჩემი ხელმოწერით მე უბრალოდ ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით ასეთ მიუღებელ რამეს აცხადებს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ისაუბროს, კაცმა არ იცის. უბრალოდ, ნდობა აღარ გვაქვს. არ ვიცი, რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი და მიუღებელი იქნებოდა. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება, განცხადება არის საბოტაჟი - ეს არის საბოტაჟი და წინააღმდეგ მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე და რა კავშირი შესაძლოა ჰქონდეს აღნიშნულს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია და ვალდებული იყვნენ, მოეხდინათ რეაგირება.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ მოახერხა.
„საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციისა და კანონის შესაძლო დარღვევა კავშირში სტატუსთან?! ევროპელ ლიდერებს მე ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირის არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ჩვენ ვიყავით ვალდებული, ამაზე რეაგირება მოგვეხდინა.
მთავარი მინდა შეგახსენოთ ყველას. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, მან შარშან საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო. გახსოვთ, ერთადერთი ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი.
ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და მით უფრო ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს, გეოგრაფიაზე მინიშნება, აბსოლუტურად გაუმართებელია. სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ მოახერხა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0