25/07/2023
16:03
საზოგადოება
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande რუსი ტურისტებით ბორტზე, ბათუმში 27 ივლისს შემოვა. ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. იუწყება „ეხო კავკაზა“.
პრესრელიზში არ არის მითითებული, რომ ლაინერი სოჭიდან გამოვიდა. სააგენტოს ინფორმაციით, ეს გემი არის პალაუს დროშის ქვეშ მყოფი Astoria Grande, რომელსაც მართავს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International.
„აღსანიშნავია, რომ Astoria Grande-ის საკრუიზო გემის ჩამოსვლა კომერციული ხასიათისაა. ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე Goodwin Shipping Limited-ის სახელით და არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახურთან ერთად, ფინანსთა სამინისტრო მუდმივად ამოწმებს როგორც გემებს, ასევე გემთმფლობელებს საერთაშორისო სანქციებზე.
„შესაბამისად, თუ გემი ან გემის მფლობელი სანქციების სიაშია, დაუშვებელია საქართველოს პორტებში შესვლა და შესაბამისი პროცედურების გატარება“ - აცხადებენ სააგენტოში.
0
0