-share.jpg)
ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი ეთიკის კოდექსის დარღვევაში დამნაშავედ ცნო და თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით CNN წერს.
არსებული ცნობით, მთავრობის მეთაურის გადაყენებას ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი.
ბანგკოკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა ეთიკის წესები დაარღვია, როდესაც 2024 წლის აპრილში, მინისტრთა კაბინეტში დანიშნა ადვოკატი, რომელსაც პატიმრობა ჰქონდა მოხდილი.
„მან კარგად იცოდა, რომ თანამდებობაზე ნიშნავდა ადამიანს, რომელსაც მორალური ღირებულებების სერიოზული ნაკლებობა ჰქონდა“, - ნათქვამია დადგენილებაში.
განაჩენს წინ უძღოდა ამავე სასამართლოს მიერ, პროგრესული მოძრაობა „წინსვლის პარტიის“ დაშლა, რომელიც ქვეყანაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და რომელმაც, გასული წლის არჩევნებზე ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის ლიდერებს 10 წლით აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.
როგორც CNN აღნიშნავს, სასამართლოს მიერ პრემიერის გადაყენების შედეგად, ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და წარადგინონ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, რომლის დამტკიცების საკითხიც 500 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში გავა.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში (ტაილანდში) ათობით პარტია დაიშალა და არაერთი პრემიერი გადააყენეს გადატრიალებებისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად - ამასთან, სასამართლო სისტემა ცენტრალურ როლს თამაშობს ხელისუფლებისთვის ბრძოლის მუდმივ პროცესში“, - წერს გამოცემა.
სრეტა ტავისინი ქვეყნის მე-60 პრემიერ-მინისტრად 2023 წლის აგვისტოში აირჩიეს.
0
0