
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შემდგომი განვითარების სცენარები დამოკიდებული იქნება მოსკოვისა და ბაქოს მოლაპარაკების ძალისხმევაზე. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა Lenta.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პარლამენტარის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რუსეთის მოქალაქეებისთვის რესპუბლიკაში ტურიზმის, სამუშაოს, ან სხვა მიზნით ყოფნა უსაფრთხო არ არის.
„თუ ბაქო არ შეწყვეტს რუსეთის უდანაშაულო მოქალაქეების დაკავებას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, ან აზერბაიჯანული მაფიის ბოსების დაკავებასთან, მოსკოვს სხვა გზა არ ექნება, გარდა რეკიმენდაციისა, რომ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა ზატულინმა.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 27 ივნისს ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების დაკავების სერიის შემდეგ გაუარესდა.
1 ივლისს ბაქოში რვა რუსი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ირანიდან ნარკოტიკების ტრანზიტში, უკანონო ნივთიერებების ონლაინ ტრეფიკინგსა და კიბერთაღლითობაში. რუსულმა მედიამ დაკავებულების იდენტიფიცირება შეძლო - მათ შორის იყვნენ ოთხი IT სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ტურისტი და სანქტ-პეტერბურგის არქიტექტურული უნივერსიტეტის სტუდენტი.
0
0