
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი დირექტივა, რომელიც დიპლომატებს უცხო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და მთავრობებთან „მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინლკუზიურობისა და წვდომის“ (DEIA) დღის წესრიგის გატარებას ავალებდა.
ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დიპლომატებმა მსოფლიო არენაზე ეროვნული ინტერესები უნდა გაატარონ და არა „ვოუქ პოლიტიკური დოგმები“.
„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის დიპლომატებს ევალებათ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა მსოფლიო ასპარეზზე – და არა „ვოუქის“ პოლიტიკური დოგმების მიმართ ერთგულების დემონსტრირება“, – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა Fox News Digital-ს.
გამოცემის მიერ მოპოვებულ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ გზამკვლევში ჩანს, რომ „წინა ადმინისტრაცია მითითებებს აძლევდა თანამშრომლებს, გაევრცელებინათ „ვოუქური აბსურდი“ უცხოელ კოლეგებთან მაღალი დონის დისკუსიებსა და ორმხრივ დიალოგებში“, – ნათქვამია სტატიაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, „ფრონტ ოფისებს“ დავალებული ჰქონდათ, წამოეწიათ რასობრივი, გენდერული თანასწორობის, უნარშეზღუდულობისა და ლგბტქი+ უფლებებებთან დაკავშირებული საკითხები ორმხრივი საუბრებისა თუ მაღალ დონეზე გამართულ დისკუსიებში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეს გზამკვლევი არ ყოფილა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. წინა ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომელთა დაწინაურებისას ითვალისწინებდა იმასაც, რამდენად ახორციელებდა თანამშრომელი DEI პოლიტიკას.
„ეს მოიცავს აქტიურ მუშაობას არა მხოლოდ რასობრივი/ეთნიკური/გენდერული/LGBTQI+/უნარშეზღუდულობასთან მიმართებით მიკერძოებულობის აღმოფხვრას, არამედ მიკერძოებულობის აღმოფხვრას საჯარო და დიპლომატიურ მოხელეთა შორის, რომლებიც დაქირავებული და აყვანილი იყვნენ სამსახურში, მათ შორის დიპლომატიური სამსახურის დანაყოფებში“, – ვკითხულობთ სტატიაში.
დოკუმენტში ასევე მოითხოვებოდა, „ფრონტ ოფისებს“ უზურნველეყო, რომ თითოეული თანამშრომელი მხარს უჭერდა „DEIA საბჭოს“ ან იმ შემთხვევაში, თუ „ფრონტ-ოფისს“ არ ჰქონდა ასეთი საბჭო, მხარი დაეჭირათ მისი შექმნისთვის.
როგორც Fox News Digital აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეფასების ასეთი კრიტერიუმი აღარ არსებობს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს საგარეო სამსახურში, რათა პრიორიტეტი მიანიჭოს დამსახურებას, გადაერთოს ხელშესახები დიპლომატიური უნარების სწავლებებზე და მოამზადოს ჩვენი ქვეყნის დიპლომატები, რათა შეძლონ პასუხის გაცემა ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა.
0
0