
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეები და ზომები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები – „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, დაისჯება – ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება – დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. პროექტით განისაზღვრება, რომ თუ ამ მუხლის ზემოთ მოცემული ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იქნება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
ამ მუხლთან მიმართებაში შენიშვნის სახით კონკრეტდება, რომ ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
„საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმებით, მარიხუანა თითქოს „გამოეყო“ სხვა, მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა რეალურად, მისი მოხმარების შედეგები საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ, მარიხუანის მოქმედებს აზროვნებისა და აღქმის უნარზე, ასევე მეხსიერების უნარზე, იწვევს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევას, შესაძლებელია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა, ტოქსიკური ფსიქოზი; მარიხუანის მოხმარება გავლენას ახდენს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციაზე, იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, არღვევს კოორდინაციას და იწვევს სხვა, მრავალ უარყოფით შედეგს. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წლებში, მომხმარებლებში პოპულარულია კანაფის ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებაც, რომლებიც THC-ს მაღალი შემცველობის გამო, გამოირჩევიან უფრო მავნეზეგავლენით ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ბუნებრივი და ენდემური ჯიშის კანაფის მცენარეები. ამავე მიზეზის გათვალისწინებით, ჰიბრიდული მარიხუანის მომხმარებელი დამოკიდებულების უფრო მაღალი რისკის ქვეშაა. შესაბამისად, სახელმწიფოს, როგორც იძულების ინსტიტუციონალიზებული და ორგანიზებული აპარატის მხრიდან ზემოდასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული თუ რეაქციული ქმედებების განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
0
0