
საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დროებითი კომისიები აქტიურად იმუშავებენ.
„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტით, გენდერულ საკითხთა საპარლამენტო საბჭო გაუქმდა. ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო საბჭოები, ზოგადად, როგორც ინსტიტუტი, უქმდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისიების საკითხი უფრო ადვილი და მოქნილი არის იმ მხრივ, რომ პარლამენტის მხრიდან იყოს გამოყენებული. აქამდე, ფაქტობრივად, დროებითი კომისიის ინსტრუმენტი არ ყოფილა გამოყენებული, გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა, რომელიც რეგლამენტში ცალკე არის გათვალისწინებული. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ დროებითი კომისიის სახით შეიქმნებოდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0