31/07/2023
09:22
საზოგადოება
ბათუმის პორტში აქცია გრძელდება - საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან. არსებული ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან, რის შემდეგაც, გემიდან ჩამოსვლას შეძლებენ.
ადგილზე კვლავ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ლაინერი ბათუმს არ დატოვებს.
"ჩვენ ჩვენს გეგმებს მივყვებით ბოლომდე, სანამ არ გამოვლენ ეს ე.წ. ტურისტები გემიდან ჩვენ აქ ვიქნებით. ჩვენ მათ დავხვდებით ისე, როგორც საკადრისია და ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ველოდებით ყველას, მოსახლეობას რომ შემოგვიერთდნენ და ერთად დავხვდეთ ამ ე.წ. ტურისტებს და სინამდვილეში ოკუპანტებს, რომლებიც ჩამოდიან რომ დაგვიპყრონ და ჩვენი ქალაქი და ჩვენი კულტურა შეურაცხყონ", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ბათუმის პორტში აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები ბათუმში Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებდნენ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები ჩამოიყვანა. მოქალაქეების თქმით, გემზე მყოფი ადამიანების უმეტესობას დარღვეული აქვს საოკუპაციო კანონი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ათამდე პირი. მათ შორისაა ლაზარე გრიგორიადისის მამაც.
0
0