
საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება, კეთილმოწყობა, და ზოგადად, კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარკები, სკვერები, მოედნები, გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები კეთილმოწყობილი იყოს და ყოველდღიურად მოქალაქეებს კომფორტულ გარემოში უწევდეთ გადაადგილება, დასვენება.
„ყველაფრისთვის, რასაკვირველია, იხარჯება ძალიან დიდი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ხედავთ თქვენც, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პარკი და სკვერი შეიქმნა ან განახლდა, რამდენი საზოგადოებრივი სივრცე მოწესრიგდა. ამის ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სივრცეებში, ასევე, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ინვენტარს ხშირ შემთხვევაში განზრახ აზიანებენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ამას აკეთებენ მოზარდები.
გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და მას ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იყენებენ, მის აღსადგენად ან შესაცვლელად დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პროგრამებს მოხმარებოდა და ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს ესარგებლათ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალური ფაქტების პრევენცია მოხდეს.
დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები და მინდა გაგაცნოთ რას ითვალისწინებს ის: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
.jpeg)
.jpeg)
0
0