
საფრანგეთში სამართალდამცველებმა 420 ადამიანი დააკავეს, ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეჭვმიტანილთა შორის 166 არასრულწლოვანია.
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთ შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს ბრალად ედება გასულ თვეში სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის, ვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 5 დღის განმავლობაში, 10 ხანძრის განზრახ გაჩენა.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთში ტყის ხანძრების უმეტესობა შემთხვევით ჩნდება და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია განზრახ გაჩენილი. ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სამშენებლო სამუშაოებიდან წარმოქმნილი ნაპერწკლები, გაუმართავი ელექტრომოწყობილობები, სიგარეტის ნამწვი და ტყეში დანთებული კოცონი.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო დღეებში ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება დასტაბილურდა და ტურისტებს უკვე რეგიონში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
0
0