
საფრანგეთში ფერმერთა დიდ ჯგუფსა და ჟანდარმერიას შორის დაპირისპირების შედეგად, ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ავრცელებს.
მისივე თქმით, ფერმერები პირუტყვის სანიტარულ დაკვლას აპროტესტებდნენ და პოლიციის წარმომადგენლებს იმ ფერმაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც პირუტყვის საშიში დაავადება დადასტურდა. შედეგად ფერმერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა და ოთხი პირი დააკავეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.
ლორან ნუნიესის განცხადებით, ბორდ-სიურ-არიზში მდებარე ფერმაზე კონტროლი პოლიციამ 11 დეკემბერს აიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელები ცდილობდნენ იმ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, რომლითაც ფერმერებმა გზა გადაკეტეს.
„ეს ქმედებები აუცილებელი იყო ჩვენი პირუტყვის დასაცავად“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ნუნიესის თქმით, ბლოკადაში მონაწილე ადამიანებს შორის იყვნენ ულტრამემარცხენე მოძრაობის ათობით მხარდამჭერი და ისინი პოლიციის მისამართით აგრესიულად მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან, მისივე თქმით, დარბევა ინციდენტების გარეშე არ ჩაივლის.
ცნობისთვის, ფერმაში ადგილობრივი ჯიშის 207 ძროხიდან ერთ-ერთს საშიში დაავადება დაუდასტურდა. პროტოკოლის თანახმად კი ასეთ შემთხვევაში, პირუტყვი სრულად უნდა განადგურდეს. ფერმერები თავდაპირველ ეტაპზე მხოლოდ დაავადებული ძროხების დაკვლას და დანარჩენების ვაქცინაციას და სიტუაციის მონიტორინგს ითხოვენ.
0
0