
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წლის „ბრექსიტის“ რეფერენდუმში ჩაერია. მისივე თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის ამომრჩევლებს მოსკოვის მხარდაჭერით წარმოებული გავლენის მცდელობების შესახებ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია.
„მე დაუნინგ სტრიტზე გამოსვლისას დავსვი კითხვა, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის რეფერენდუმში? მკაფიო პასუხი მივიღე, რომ დიახ, ჩაერია“, – აღნიშნა ბერნემმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ჩარევას გულისხმობდა ან რა მტკიცებულებას ეფუძნება მისი განცხადება. ბერნემის თქმით, მას გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრა ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, მერცმა მას განუმარტა, რომ გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსეთთან კავშირშია და, სავარაუდოდ, მისგან ფინანსდება.
ენდი ბერნემის განცხადებით, გერმანიის პოლიტიკაში რუსეთიდან დეზინფორმაცია და მცდარი ინფორმაცია აღწევს.
„მჯერა, ეს დაეხმარება გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს, გააცნობიერონ, რომ ამ პოლიტიკის ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ, რუსეთის მიერ არის წახალისებული. ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საკმარისად არ ვაცნობდით ხალხს, რამდენად ცდილობენ საზღვარგარეთიდან პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 2020 წელს პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობამ ვერ დაადგინა, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის რეფერენდუმში ევროკავშირის წევრობის საკითხზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ცდილობდა შოტლანდიის 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე გავლენის მოხდენას, რომელშიც ამომრჩევლებმა დამოუკიდებლობას არ დაუჭირეს მხარი.
0
0