25/04/2023
12:05
მსოფლიო
საფრანგეთში, ორშაბათს, 24 აპრილს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეორე ვადით ხელახალი არჩევის წლისთავზე საფრანგეთში ქვაბებით და ტაფებით აქციები გაიმართა. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. Le Figaro-ს ცნობით, დემონსტრანტებმა მთავრობის რამდენიმე წევრის სამუშაო ვიზიტი ჩაშალეს.
ამგვარად, განათლების მინისტრმა პაპ ნდიაიმ ლიონის ერთ-ერთ დაწესებულებაში ვიზიტი, აქციის მონაწილეების გამო გადადო. პარიზში დაბრუნებისთანავე მაღალჩინოსანი მატარებელში დროებით ბლოკადაში მოექცა – რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა ბაქანზე "ქვაბებისა და ტაფების კონცერტი" გამართა.
ბავშვთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა შარლოტა კობელმა, პროტესტის გამო, სენტ მორისის საავადმყოფოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. კულტურის მინისტრს რიმა აბდულ-მალაკმა პარიზის ერთ-ერთი თეატრის წინ ქვაბებით შეეგებნენ. აქციის მონაწილეები ანალოგიურად დახვდნენ იუსტიციის მინისტრს ერიკ დიუპონ-მორეტის და ჯანდაცვის მინისტრს ფრანსუა ბრაუნს.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იანვრის შუა რიცხვებიდან გრძელდება, როდესაც პროექტი ოფიციალურად წარუდგინეს საზოგადოებას. ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებში, გაფიცვის გამო ფრენები გაუქმდა, საქალაქთაშორისო მატარებლები შეჩერდა და სერიოზული პრობლემები იყო ნაგვის შეგროვებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მაკრონმა საკამათო კანონს 15 აპრილს მოაწერა ხელი.
0
0