
საფრანგეთის აუდიტის ოფისის მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ისთვის სახელმწიფო ვახშამის უზრუნველყოფა 475 000 ევრო დაუჯდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონარქს ლურჯი ლობსტერით [ზღვის კიბო], კიბორჩხალით და ყველის ასორტიმენტით [ფრანგული Comté და ბრიტანული Stichelton blue] გაუმასპინძლდა. მენიუ ასევე მოიცავდა ფრანგული ხორცის ჯიშის ქათამს Bresse-ს, სოკოს გრატინს და ვარდის მაკარონს.
საფრანგეთის უმაღლესი აუდიტის სასამართლოს (Cour des Comptes) მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მიღებებზე გაწეულმა ხარჯებმა ბიუჯეტში 8,3 მილიონი ევროს დეფიციტი გამოიწვია.
„ელისეს სასახლემ მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა გასწიოს პრეზიდენტის ფინანსური ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად", - ნათქვამია ანგარიშში.
ვახშამისთვის გამოყოფილი თანხიდან 165 000 ევროზე მეტი სურსათზე, ხოლო 40 000 ევრო - ღვინოზე დაიხარჯა. წვეულებას, სულ მცირე, 160 მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, მსახიობი ჰიუ გრანტი, საფეხბურთო მწვრთნელი არსენ ვენგერი და ჯგუფ Rolling Stones-ის წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი.
ვერსალის სასახლეში გამართული ექსტრავაგანტული ბანკეტი საფრანგეთში ჩარლზ III-ის სამდღიანი ვიზიტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას.
0
0