18/12/2024
18:25
მსოფლიო
საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე.
აღნიშნულ საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი პირობითი იყო, ერთი წლით კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.
სარკოზი მის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ, მოსამართლის მოსყიდვასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ბრალდების მხარის ცნობით, გამოძიება, რომლის მასალების მოპოვებასაც ქრთამის სანაცვლოდ სარკოზი ცდილობდა, კომპანია „ლორეალის“ მემკვიდრის მიერ, 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა.
აღნიშნულ საქმეზე კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნეს ასევე მოსამართლე ჟილბერ აზიბერი.
როგორც მოსალოდნელია, სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება მომავალ წელს, 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზეც. ის დანაშაულს უარყოფს. ლიბიის საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0