29/11/2023
15:21
მსოფლიო
.,საფრანგეთის მთავრობა პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში თამბაქოს მოწევას აკრძალავს. მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს წელიწადში 75,000 ადამიანის გარდაცვალება, რომელიც გამოწვეულია თამბაქოს მოწევით,“ - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ორელიენ რუსომ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის სფეროში სამთავრობო გეგმის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს "2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობის ჩამოყალიბებას".
პრესკონფერენციაზე საუბრისას, ორელიენ რუსომ თქვა, რომ საფრანგეთში, პლაჟებზე, საჯარო პარკებში, ტყეებსა და ზოგიერთ სხვა საჯარო სივრცეში, რომლებიც სკოლებთან ახლოს მდებარეობს, მოწევა მალე აიკრძალება.
”ამ გეგმით მხოლოდ თამბაქოს მოწევის ტრივიალიზაციის შეწყვეტა და თამბაქოს მოხმარებისგან დღეში 200 ადამიანის გარდაცვალების პრევენცია გვსურს. მოწევა გართობისა და დასვენების კონტექსტში აღარ უნდა განიხილებოდეს,“ - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა ზუსტი ვადები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ადამიანებს თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმები შეიძლება მომავალი წლიდან დაეკისროს.
ორელიენ რუსომ ასევე სიგარეტის ფასის თანდათანობითი ზრდის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ 2025 წელს ერთი კოლოფი სიგარეტი 12 ევრო (13 დოლარი), ხოლო 2027 წლისთვის - 13 ევრო (14 აშშ დოლარი) ეღირება.
საფრანგეთმა სექტემბერში უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთჯერადი ელექტრო სიგარეტის მოხმარება აიკრძალებოდა.
0
0