
პრემიუმ სეგმენტის მოგზაურებზე ორიენტირებულმა საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალმა Virtuoso Magazine სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
პუბლიკაციის – Georgia on My Mind ავტორი მეთ დუტილი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა. ავტორი ჟურნალის მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ვრცლად უზიარებს.
„მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა ამ პატარა, ჯორჯიის შტატის ნახევარი ზომის ქვეყნის სილამაზისთვის მაინც სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. საქართველოში ჩამოსვლამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკში, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე რესტორნებში დაგემოვნებული ქართული კერძები ძალიან მომწონდა… აქ დავათვალიერე კოშკებიანი სოფლები, საუკუნოვანი მარნები და საოჯახო სამზარეულოები, რამაც ეს ნაკლებად ცნობილი ქვეყანა საბოლოოდ შემაყვარა“, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის, სათავგადასავლო ტურიზმს ყაზბეგსა და ჯუთას ხეობაში, ხევსურეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და თუშეთის ხელუხლებელ ბუნებას. ავტორი ასევე ვრცლად საუბრობს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, სამზარეულოზე, მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს კულტურასა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციაზე. განსაკუთრებული ყურადღება კი კახეთის ისტორიულ მარნებს ეთმობა.
პუბლიკაცია მკითხველს საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ექსკლუზიურ მარშრუტებსა და პრემიუმკლასის სამოგზაურო გამოცდილებასაც აცნობს.
ლუქსკლასის სამოგზაურო გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია და ფოტო-რეპორტაჟი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი, ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0