
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის მკაფიო არჩევანს სთავაზობდა, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მცდელობის მიუხედავად, პროცესს ჩრდილი მიაყენა საგარეო ჩარევის, უკანონო დაფინანსების, კიბერშეტევებისა და ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის სერიოზულმა შემთხვევებმა, – ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომელშიც შედიოდნენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი.
ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ მოლდოვაში სამართლებრივი ჩარჩო ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
სადამკვირვებლო მისიის თანახმად, ბოლოდროინდელმა მიღებულმა კანონმა შემოიტანა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მათ შორის საარჩევნო კორუფციის უფრო მკაფიო განსაზღვრება, უფრო მკაცრი სასჯელები და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების უკეთესი რეგულირება, თუმცა, კანონში ხშირმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით ამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შეარყია მისი ეფექტიანი გამოყენება და სამართლებრივი განსაზღვრება.
„მოლდოვაში გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიისადმი მაღალი დონის ერთგულება აჩვენა რუსეთიდან მომავალი უპრეცედენტო ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე. ჩრდილოვანი ქსელების მეშვეობით უკანონო დაფინანსებიდან დაწყებული, საზოგადოების ნდობისთვის ძირგამომთხრელი დაუნდობელი დეზინფორმაციული კამპანიებით და ქაოსის შექმნისკენ მიმართული კიბერუსაფრთხოების სფეროში თავხედური ინციდენტებით დამთავრებული, ეს ტაქტიკა მოლდოვის დემოკრატიითა და სუვერენიტეტით მანიპულირებისკენ იყო მიმართული. თუმცა, ერის დემოკრატიულმა შეუპოვრობამ გაიმარჯვა და ხელი შეუწყო ხმის მიცემის სამართლიანობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა და სპეციალურმა კოორდინატორმა, პაულა კარდოსომ.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ეს არჩევნები უპრეცედენტო ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე ჩატარდა, მათ შორის უკანონო დაფინანსებისა და დეზინფორმაციის, კიბერშეტევების ფონზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. დამკვირვებლების შეფასებით, ამ კონტექსტში, საარჩევნო ორგანოები პროფესიონალურად მოემზადნენ არჩევნებისთვის, გამჭვირვალედ მუშაობდნენ ყველა დონეზე და მათი კომპეტენციის, ეფექტიანობის მიმართ იყო მაღალი ნდობა, თუმცა გარკვეულ სადავო საკითხებზე პარტიული ნიშნით მიღებულმა რიგმა გადაწყვეტილებებმა ეჭვქვეშ დააყენა მათი მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
არჩევნების დღე შეუფერხებლად წარიმართა და დადებითად შეფასდა იმ საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, რომლებზეც მონიტორინგი ხორციელდებოდა. როგორც მისიის პრესრელიზშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებს რეალური პოლიტიკური ალტერნატივებიდან არჩევანის გაკეთება შეეძლოთ, კანდიდატებისთვის ზოგიერთი ახალი მოთხოვნა ზედმეტად დამამძიმებელი და ბუნდოვანი იყო. პრესრელიზის თანახმად, ამავდროულად, კამპანიის ბოლო დღეებში ორი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილებამ შეზღუდა მათი უფლება ეფექტური სამართლებრივი დაცვაზე.
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საარჩევნო დავები, როგორც წესი, ეფექტურად განიხილებოდა, თუმცა სასამართლოს ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ აჩვენა პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ ახალი კანონმდებლობის განსხვავებული გაგება.
„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ უპრეცედენტო უცხოური ჩარევა და კოორდინირებული დეზინფორმაციაც კი ვერ შეაფერხებს მოლდოვის ევროპულ გზას, რომელსაც გასულ წელს დაუჭირეს მხარი. მადლობას ვუხდით საარჩევნო ხელისუფლებას კარგად ორგანიზებული პროცესისთვის და მოლდოველ ხალხს მშვიდი, სამოქალაქო აზროვნების მქონე მონაწილეობისთვის. ამომრჩევლებს ფართო არჩევანი ჰქონდათ, მაგრამ ინკლუზიურობა დაზარალდა: ბოლო მომენტში კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნამ და დნესტრის მარცხენა სანაპიროდან ამომრჩევლებისთვის არსებულმა დაბრკოლებებმა შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი დააბრკოლა. მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუტს, დაიცვან პლურალიზმი და თანაბარი მონაწილეობა, რათა მომავალ არჩევნებში ყველა მოქალაქის ხმა ისმოდეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა, კრის საიდმა.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, კიბერსაფრთხეების შესამცირებლად ხელისუფლების მიერ გაწეული გაზრდილი ძალისხმევის მიუხედავად, ეს სერიოზულ შეშფოთებად რჩებოდა, რადგან მთავრობის ციფრული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი კიბერშეტევების წინაშე იდგა. საარჩევნო ორგანოები უცხოური კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე გახდნენ, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და არჩევნების დღეს, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ნდობის შელახვას ცრუ ინფორმაციის გაძლიერებით.
„რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიების, კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული ომის სხვა ელემენტების ფონზე, მოლდოვა იქცა მისი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის სამიზნე. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ურყევი ერთგულება გამჭვირვალობისადმი და მისი ხელისუფლების, მოქალაქეების მიერ გატარებული აქტიური ზომები საარჩევნო პროცესის სამართლიანობის შენარჩუნებისთვის საკვანძო იყო. ეს ხაზს უსვამს მუდმივი სიფხიზლისა და დემოკრატიული პრინციპების ძლიერი დაცვის აუცილებლობას“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლინეა ვიკმანმა.
დამკვირვებლების ცნობით, კონკურენტულ კამპანიაზე სერიოზული გავლენა იქონია უცხოური წყაროებით დაფინანსებული ორგანიზებული ქსელის საქმიანობამ, რომელიც, „როგორც დანამდვილებით იქნა იდენტიფიცირებული, ამომრჩევლის მოსყიდვის სქემებისა და დეზინფორმაციული კამპანიების კოორდინაციას ეწეოდა“.
არჩევნების წინა პერიოდში, ანგარიშების ქსელები, რომლებიც ზოგჯერ იყენებდნენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოებს, ტროლების ფერმებსა და ავტომატიზებულ ბოტებს, სოციალურ ქსელებში მანიპულაციურ ნარატივებს ავრცელებდნენ. დამკვირვებლების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა ძალისხმევა ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მისმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო კამპანიაზე. თავად პლატფორმების რეაგირება სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მიღებულ შეტყობინებებზე მიჩნეულ იქნა არაადეკვატურად.
„არჩევნების დღეს ჩვენ ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, რომელიც შეუფერხებლად და რაიმე შესამჩნევი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ეს შეიძლება მივაწეროთ საარჩევნო პერსონალის მიერ გამოვლენილ მაღალ კომპეტენციას, რომელთა უმეტესობა ქალი იყო, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. ჩვენ პატივს ვცემთ მოლდოველების თავისუფალ და შეუფერხებელ არჩევანს, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და არა რუსეთის ფედერაციამ. ამ არჩევნების წინა პერიოდში რუსეთი უპრეცედენტო მასშტაბით ჩაერია კიბერშეტევებით, დეზინფორმაციული კამპანიებით, დაშინებით, უკანონო დაფინანსებითა და ამომრჩევლის მოსყიდვის სქემებით, არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენის მკაფიო მიზნით. ეს მცდელობები კვლავ ჩავარდა. ჩვენ ვაფასებთ რუსეთისა და მისი ადგილობრივი მარიონეტების ამ მავნებლური საარჩევნო ჩარევის წინააღმდეგ გადამწყვეტ და მოზომილ წინააღმდეგობას“, – განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მიხაელ გალერმა.
საერთაშორისო მისიის შეფასებით, მოლდოვის მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა პოლარიზებული, რაც აისახა არჩევნების გაშუქებაშიც.
სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის თანახმად, „სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების შესახებ მრავალი ცნობა მოისმინეს. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ კანდიდატებს მრავალი შესაძლებლობა მისცა, სხვადასხვა ფორმატით წარმოედგინათ თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები, ზოგიერთ მედიასაშუალებაში მიკერძოებულმა გაშუქებამ და შეზღუდულმა საგამოძიებო ან ანალიტიკურმა რეპორტაჟებმა ამომრჩევლებს არჩევნების დღეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“.
„საარჩევნო ხელისუფლება პროფესიონალური და ეფექტიანი იყო, თუმცა, მოლდოვურ საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლიტიკური დაყოფა არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე აისახა, არამედ ზოგჯერ აისახებოდა საარჩევნო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მოლდოვამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა მის წინაშე მდგარი ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის საქმე გასაკეთებელი, აქამდე გატარებული საარჩევნო რეფორმები აჩვენებს მტკიცე დემოკრატიის აშენების გადაწყვეტილებას ამ ქვეყნის ხალხისთვის“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა, რომელიც ოდირ-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 50 ქვეყნიდან 415 დამკვირვებლისგან შედგებოდა.
0
0