
სააგენტო Kvira.ge-ს ინფორმაციით, ზაფხულში ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა იგეგმებოდა - "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილი სცენარის შესახებ გამოცემა წერს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მიიღეს დავალება, რომ ზაფხულის ბოლოს ცესკოს თავმჯდომარე უნდა გადაეყენებინათ. განიხილებოდა ორი სცენარი: უნდა დაწყებულიყო კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია და გარე აქტორები, რაც უნდა დასრულებულიყო მისი გადადგომით.
მეორე ვერსია კი, სააგენტოს ცნობით, კალანდარიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას გულისმობს, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება. მისი გადადგომის შემთხვევაში კი, ცესკოს ხელმძღვანელი ხდებოდა ხაზარაძის პარტიის წევრი - სიორიძე, რაც ავტომატურად ნიშნავს ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას.
სააგენტოს ინფორმაციითვე, აღნიშნული სცენარი ზუსტად იციან მმართველ გუნდში, რაც საკანონმდებლო ცვლილებით დააზღვიეს და გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა, თუმცა, "ქართული ოცნების" წევრებმა საზოგადოებას დეტალები არ უთხრეს.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საეჭვოდ არის ჩაჭიდებული ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.
"საეჭვოდ ჩაჭიდებული არიან ე.წ. ოპოზიციური მოადგილის პოზიციას ოპოზიცია. ე.წ. ოპოზიციურ მოადგილეს არანაირი დამატებითი ფუნქცია არა აქვს, ვიდრე სხვა წევრს. ერთადერთი, რაც იცვლება, რომ რამე რომ მოხდეს და გიორგი კალანდარიშვილს, თუ ზოგადად თავმჯდომარეს ავირჩევთ ახალს, რამე დაემართოს, უნდა ჩახტეს მის სავარძელში და შეასრულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. ამიტომ, ერთადერთი ღირებულება ამ თანამდებობას ოპოზიციისთვის აქვს ის, რომ დაელოდონ, იქნებ რამე მოხდეს და თავმჯდომარე რაიმენაირად ჩამოაცილონ თავის პოზიციას, რომ ხელში ჩაიგდონ თავმჯდომარის პოსტი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
0
0