
სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად, იქ აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულ კოტეჯებამდე გზა გაიჭრება და ტექნიკას შეიყვანენ.
„დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი. ეპიცენტრში ყველგან შესული ვართ, გარდა რამდენიმე ლოკაციისა. სადაც კოტეჯები არსებობდა, ფაქტობრივად, იქ აღარაფერია. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და შესაბამისად, ელემენტარულად, ჩვენი მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ხდება ახლა გზის გაჭრა და ტექნიკის შეყვანა, რათა იქამდე მივიდეთ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. დაკავშირება ვერ ხერხდება 35 ადამიანთან.
ამასთან, შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
0
0