27/12/2024
12:57
პოლიტიკა
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების თემას ეხმაურება და წერს, რომ “საბიუჯეტო დაფინანსება - არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული. ამიტომ თუ ამ ფულს იღებ, ბუნებრივია, მინიმუმ ამ ნაწილში არჩევნების შედეგს აღიარებ”.
რაქვიაშვილმა დაწერა:
"საბიუჯეტო დაფინანსება - არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ამ ფულს იღებ, ბუნებრივია, მინიმუმ ამ ნაწილში არჩევნების შედეგს აღიარებ.
თუკი მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებ, ხოლო არჩევნების შედეგს პრინციპულად არ აღიარებ, მაშინ არც ამ დაფინანსებას უნდა იღებდე. და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. 2020-ის არჩევნების შემდეგ დეტალურად გვაქვს ეს ყველასთან გარჩეული და მაშინ ნამდვილ ბოიკოტში მარტო ჩვენ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ვიყავით, რადგან მარტო ჩვენ ვთქვით მაშინ ამ დაფინანსებაზე უარი, ხოლო ნაცებმა, სტრატეგიამ, ევსაქებმა, ლელომ - „ფული გვჭირდებაო“. მაშინ არც გვარამია იყო ისტერიკაში და არ ლანძღავდა ნაცებს ამის გამო და არ გვაქებდა ჩვენ, რომ გირჩი თანმიმდევრულია. უბრალოდ, ახლა, ფულის პრობლემა, როგორც ჩანს, არ აქვს, და პრინციპულობანას თამაშობს.
არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“ - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსის: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს, თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო.
არგუმენტი, რომ „ეს ხალხის ფულია“ და „ქოცებმა საკუთარი ხმები გააყალბეს, თორემ ჩვენ ამაზე მეტიც უნდა აგვეღო, ამიტომ ეს ფული ნამდვილად გვეკუთვნის“, სასაცილოც კი არის, რადგან, თუ ეს ხმები ნამდვილად გეკუთვნით, ამ ხმებზე მიბმული ის საპარლამენტო მანდატებიც, ხომ მინიმუმ თქვენია, მათზე მიბმული ხელფასებით და ა.შ. მათზე მაშინ რატომ ამბობთ უარს? (მეორე მხრივ, როგორც მახსოვს, გვარამიას პარტიის გარდა, არც არავის უთქვას მანდატებზე უარი, ამიტომ აქ თანმიმდევრულები არიან).
თუმცა მთავარი პრობლემა მაინც - პოლიტიკური პროცესის არარსებობაა. არავინ ზის ტელევიზიაში და ამ საკითხს არ არჩევს, არ მიდის დისკუსიები და ამომრჩეველი ხან ერთ სიურპრიზს იღებს, ხან მეორეს. არადა რა პრობლემა იყო, ერთი თვის მანძილზე ეს საკითხი გარჩეულიყო? გარჩეულიყო, დასაშვებია თუ არა ამ დაფინანსების აღება? დასაშვებია თუ არა საკრებულოებში ქოცებთან თანამშრომლობა და თუ კი, როგორ? საერთოდ, აქვს თუ არა მანდატებზე უარის თქმას რაიმე ღირებულება (იგივე გახარია, ხომ არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას და იქნებ მართალია და სხვები ცდებიან, ან პირიქით)? თუ ადრე „არლაპარაკი“ ქოცების ხელწერა იყო, დიდი ხანია ეს „ქარტიის ოპოზიციის“ სტილადაც იქცა, ამიტომ მათ პარტიულ მედიებში დისკუსია და პოლიტიკა კვდარია. ეს არის მთავარი პრობლემა და თუ ამას არ მოვაგვარებთ, და პოლიტიკოსები სულ არასასურველი კითხვებისგან გაქცევის რეჟიმში იქნებიან, არც არაფერი გვეშველება (მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება)." - დაწერა რაქვიაშვილმა.
0
0