27/12/2022
22:55
პოლიტიკა
"პატივი უნდა სცე სახელმწიფო ინსტიტუციას და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო - საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება" ავლენს!"- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, ჩვენ ვხედავთ, როგორ უხერხულად იქცევა ხელისუფლება პრეზიდენტთან მიმართებაში.
მაგალითად გვახსოვს, როცა საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა, პრეზიდენტი საერთოდ საქმის კურსში არ იყო. ახლა ეს ინციდენტი...
ეს არის ფაქტი იმისა, რომ "ქართული ოცნება" ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი პოზიციით, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესით.
გუშინდელი ინციდენტიც სწორედ ამის გაგრძელებაა. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არა ინსტიტუციურად, არამედ დაბოღმილისა და ღვარძლიანის პოზიციიდან - არ მოვიწვიოთ, სკამი არ დავუდგათ! ეს არის ხელისუფლების უშნო საქციელი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0