
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი, „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
ცესკო-ს ცნობით, „საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.
მისი თქმით, პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუციის თანმიმდევრულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას ახალგაზრდების ჩართულობის, მათი ინფორმირებულობის მიმართულებით.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ეს არის უნიკალური პლატფორმა და მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საბაზისო ცოდნა არჩევნებთან და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია, ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და ამომრჩეველს მიაწოდონ გადამოწმებული ინფორმაცია. „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, მეტად დავხვეწოთ შინაარსობრივი საკითხები, ლოგისტიკა და მომავალში გავაფართოოთ პროექტის განხორციელების მასშტაბი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელმაც, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა ცესკო-ს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი, რომელმაც მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.
„საარჩევნო მედია სკოლის“ მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა და ქართული არჩევნების ისტორიისა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ისაუბრა. პროექტის მონაწილეებს ინფორმაციას, საკუთარ გამოცდილებას შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება. სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ცესკო-სა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის, ასევე ცესკო-ს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.
0
0