08/12/2022
15:25
პოლიტიკა
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გაფართოებულ შეხვედრას დღეს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.
პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულებში.
"დღევანდელი შეხვედრაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვერთიანდებით. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა თანხმდება, რომ ის საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი.
„ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება.
როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი", განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს.
0
0