07/02/2022
19:42
პოლიტიკა
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით.
მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.
„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.
ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.
სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მოუწოდებს,ვიდეოკადრები და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნოს.
როგორც სააკაშვილის მორიგ გზავნილშია აღნიშნული, თოლორაიას ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც ხელთ აქვთ.
0
0