23/03/2023
11:33
პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ციხეში გადაიყვანონ.
როგორც მან კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას არა კლინიკა ,,ვივამედი”, არამედ პენიტენციური სამსახური იღებს.
„მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა გუშინ, ჟურნალისტებს გავუზიარე და აზრი ჯერჯერობით არ შემიცვლია, მაშინვე ვიფიქრე, რომ მის ციხეში დაბრუნებას გეგმავენ. არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
ექიმი რასაც ჰქვია, ექიმებმა ვერ უნდა შეძლონ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაში მისი კარგად ყოფნა ჩაწერონ. მე არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს შეიძლება გადაიყვანონ, რატომაც არა?! ხელს რა შეუშლის? ფაქტია, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. „ვივამედის“ მედპერსონალი როგორ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მთლიანად პენიტენციურს ემორჩილებიან“, - აღნიშნა ალასამიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის ოჯახმა ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
„დღესვე შეგვიძლია ევროსასამართლოში სარჩელი შევიტანოთ, ეს ჩვენზეა მთლიანად დამოკიდებული. დღესვე შეიძლება შევიტანოთ, გამორიცხული არაფერია. ძალიან დიდი ხანია ამისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად და გადაუდებლად”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0