
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაბანკროტებულია, - აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, სააკაშვილის შეწყალებით პოლარიზაცია ვერ დაიძლევა.
ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს რადიკალიზაციას.
„რადიკალური ოპოზიციისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ჩვენთვის ის არის დამნაშავე ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. მან თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციის ნაწილია, ჩვენ ვერ ჩავერევით. სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ არანაირი ინტერესი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ არის. თუ სადმე ეს ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში.
ქვეყნის შიგნითაც სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი საკმაოდ გაბანკროტებულია. პოლიტიკურად გაბანკროტებულ სააკაშვილს არაფერი აქვს ინსტრუმენტი გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს პოლარიზაცია, კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს რადიკალიზმი ქვეყანაში და ამით შექმნას კიდევ უფრო მძაფრი სურათი - ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.
რადიკალიზაციის გაღრმავებით, საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პოლარიზაციის დაძლევა, როგორც მთავარი ერთ-ერთი საკითხი 9 რეკომენდაციაში სააკაშვილის გამოშვებით შეუძლებელია განხორციელდეს“, - მიაჩნია ბექა ლილუაშვილს.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით, ორი შესწორება შევიდა. ერთი შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ სააკაშვილი არ არის ნავალნი, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება. როდესაც ზურაბიშვილს ჰკითხეს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, ამ კითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ეს არ არის ის, რაზეც ზეწოლით შეიძლება გავლენის მოხდენა.
პარტია „გირჩის“ ლიდერს, ასევე, ნაკლებად სჯერა, რომ სააკაშვილის გაშვებით პოლარიზაცია დასრულდება.
0
0