09/05/2022
18:31
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.
„როგორც ადრეც გვითქვამს, მიხეილ სააკაშვილი არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება. გავაკეთეთ კიდეც განცხადება, რომ თუ იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა, მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ვერ ჭამს,- რატი ბრეგაძის თქმით, ეს არის ტყუილი.
რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება.
„თქვენ რა ინფორმაციასაც ახლა აჟღერებთ, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი. ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას. თქვენ ახლა მტკიცებით ფორმაში აჟღერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ტყუილი, ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. თქვენ ბრძანეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებაო, ეს იყო თქვენი ფორმულირება. ის, რაც თქვენ თქვით, არის აბსოლუტური სიცრუე, მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, რომ ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას. თქვენ ამბობთ ტყუილს, როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათ შორის მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ მღელვარებას, ეს არის მავნებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0