23/04/2023
21:14
პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ „იმედისა“ და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმის ერთ ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს უკავშირდებოდა.
რუხაძემ გაიხსენა 2008 წელს განხორციელებული მისი დაკითხვისა და ავტომობილის აფეთქების ფაქტი. რუხაძე აცხადებს, რომ მისი ავტომობილი კეზერაშვილთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში მის დასაშინებლად ააფეთქეს. მისივე თქმით, ვიდეოში ჩანს, თუ ვინ აფეთქებს მანქანას, თუმცა პოლიციას საქმე არ გამოუძიებია.
„ჩანს მშვენივრად ის ადამიანი, ვინც მივიდა და აფეთქებს მანქანას. ოფისის წინ კამერები იდგა და ჩვენ ჩანაწერები გადავეცით პროკურატურას, მაგრამ არავინ დაუჭერიათ და არ უთქვამთ ჩვენთვის, მანქანა ვინ ააფეთქა“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი მაშინ მას გიგი უგულავამ საკუთარ კაბინეტში გააცნო. რუხაძემ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა პირდაპირ დაასახელა თანხა, თუ რის სანაცვლოდ უნდა დაეთმო „ბორჯომი“ და მოსთხოვა, „ბორჯომი“ დავით იაკობაშვილისთვის გადაეფორმებინა.
„თანხა დაასახელა, ამდენ თანხას მოგცემთ თქვენ დავით იაკობაშვილი და თქვენ დავით იაკობაშვილს გადაუფორმეთ „ბორჯომი“. მე ვუთხარი, რომ ინას დაველაპარაკები „იმედზე“ მაგრად არა მგონია-თქო და „ბორჯომზე“ აგერ მე გეუბნებით, პირდაპირ უარს-თქო, იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და ამ საუბრიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩემი მანქანა აფეთქდა.
მათ ჰქონდათ შავი სალაროები და სხვადასხვა ხალხი მართავდა ამ შავ სალაროებს. როდესაც კეზერაშვილი მეუბნებოდა, ამა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე: ჯოზეფ ქეის, დავით იაკობაშვილს გადაეცი ეს აქტივები, თავად იყო ამ შავი სალაროს მმართველი. მე რომ დავით იაკობაშვილს გადავცემდი „ბორჯომი“, შემდეგ მისი მფლობელი ასევე იქნებოდა ბატონი ბიზნესმენი კეზერაშვილი. რომელიც ასე ცდილობდა და მეორე დღეს რაღაცნაირად ჩემი მანქანა აფეთქდა“, - განაცხადა რუხაძემ.
წყარო: “იმედინიუსი”
0
0