
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დიდ ბრიტანეთში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთს არ შეუძლია ნატოზე თავდასხმა, მაგრამ სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში მას ამის გაკეთება შეეძლება.
მისივე თქმით, ნატო აპირებს, მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში რუსეთთან კონფლიქტისთვის მოემზადოს. შეკითხვაზე, თუ რის საფუძველზე განისაზღვრება ასეთი ვადები, რუტემ უპასუხა, რომ აღნიშნული ვადები შიდა სამხედრო შეფასებებს ეფუძნება.
„მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება ნატოს წინააღმდეგ თავდასხმისთვის 2029 წლისთვის, ანუ ოთხ წელიწადში. რუსეთის ეკონომიკა 100%-ით უკვე სამხედრო რეჟიმზეა გადაყვანილი, ამიტომ, აუცილებელია ევროპის ეკონომიკის მილიტარიზაცია. ნატოს ქვეყნებმა ხუთჯერ უნდა გაზარდონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა, ტანკების, ბომბდამშენი სისტემების, დრონების წარმოება და შექმნან საბრძოლო მასალის დიდი მარაგი.
რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ყველა ქვეყანა ერთად, თუმცა მისი ეკონომიკა ნატოს წევრის ყველა ეკონომიკაზე 25-ჯერ ნაკლებია. საბრძოლო მასალა ნებისმიერი კონფლიქტის საფუძველია“, - თქვა რუტემ.
0
0