14/01/2025
15:31
პოლიტიკა
მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ნიშნავს კიდევ ერთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ფიქრობს, რომ უკან არ დაიხევს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, რათა საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობდეს.
„მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ნიშნავს კიდევ ერთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ფიქრობს, რომ უკან არ დაიხევს. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ არც ჩვენ დავიხევთ უკან, ვიქნებით კიდევ უფრო მებრძოლები და დაუღალავად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ახლა ივანიშვილსა და მის დამქაშებს - დგებუაძეს, ბესელიას, აქვთ. მათ შორის შემსრულებლებს, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ პასუხი არ მოეთხოვებათ ამ დანაშაულებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
ამ დროისთვის, ბათუმის სასამართლოსთან აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
0
0