08/05/2022
22:53
პოლიტიკა
რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისსაავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს.
ამის შესახებ უწყებაში spacesnews-ს განუცხადეს,
მათი თქმით, სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს სხვა დაწესებულებაში დასჭირდა.
გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
ცნობისთვის, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანდაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.
მათივე ცნობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
ინფორმაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დატოვა, რომელმაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანა, ერთ-ერთ დაწესებულებად კი რესპუბლიკური საავადმყოფო სახელდებოდა.
0
0