
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა რუსთაველის გამზირიდან დაწყებული აქცია-მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულეს და 25 აპრილს მორიგი აქცია დააანონსეს.
მშობლების განცხადებით, არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ ბავშვებისთვის წამალს არ მიიღებენ.
„ხვალ ისევ 7 საათზე შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ ბავშვებისთვის წამალი. ჩვენ, დედებმა ვთქვით სიტყვა, არ გავჩერდებით და ქუჩაში დავიხოცებით. არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენი შვილები წამალს არ მიიღებენ“, - განაცხადა აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
0
0