
გაოცებული ვარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით. კაცი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ტელევიზიებით გამოდიოდა და აცხადებდა, სად იდგა ჯარი, სხვას აბრალებს ღალატს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როინ შავაძე თავდადებული მებრძოლი იყო, – ამის შესახებ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ განაცხადა.
ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოკლეს.
„როინ შავაძეს არ მიუტოვებია ბრძოლის ველი, არასდროს მიუტოვებია თანამებრძოლები. მიშამ აღიარა. დღემდე ვიძახდი, რომ ეს დანაშაული მიშას დაკვეთით მოხდა. დღეს დიდი თხოვნა მაქვს პროკურატურის მიმართ, რომ დაიჭირონ დამკვეთი კაცის განზრახ მკვლელობისთვის. ჩვენ ყველაფერი ყველაფერი დაგვაბრალეს – ის, რომ როინ შავაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ როინ შავაძე აეყვანა, მისი ლიკვიდაცია თავიდანვე იყო დაგეგმილი. ვთხოვ პროკურატურას, აღძრას საქმე და კაცის მკვლელობისთვის დაისაჯოს ეს ადამიანი. მიშა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში გამოდიოდა და ტელევიზიით აცხადებდა, სად იდგა ჯარი, ეს ყველასთვის ცნობილია. როინ შავაძეს თუ ასეთი რაღაც ჰქონდა, რატომ გაახსენდა 18 წლის მერე. ხომ იყო საქმე განხილვაში, რატომ ჰქონდათ თაროზე შემოდებული. სტრასბურგმა რომ მოითხოვა საბუთების გადაცემა, რომ ეს კაცი დამნაშავე იყო, რატო ვერ გადასცეს მაშინ. ალბათ ისიც დაავიწყდათ, რომ როინ შავაძეს ვიდრე მოკლავდნენ, 25 დღით ადრე პენტაგონის ჯილდო ჰქონდა გადმოცემული. ყველაფერი დაავიწყდათ, მაგრამ იმათ ხომ ვერ მოატყუებდნენ. ალბათ მიშა აგონიაშია და კიდევ ჰგონია, რომ 2008-2009 წლებში ცხოვრობს, ხალხს კიდევ ისე დააჯერებს, როგორც დააჯერა მაშინ, როინ შავაძე მოღალატე იყოო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როინ შავაძე თავდადებული მებრძოლი იყო. მას ვერ აპატიეს, რომ სამჯერ შებრუნდა ბრძოლის ველზე, პიკაპით ორჯერ გამოიყვანა მიცვალებულები და დაჭრილი მებრძოლები. მისგან განსხვავებით, მან ერთი ვერტმფრენი რომ დაინახა, ფორთხვით დატოვა სტუმარი და გაიქცა. ეს ვერ აპატია. როინ შავაძე მთავარი მზვერავი იყო. ასეთი კაცი თუ იყო, სად უშვებდა ბრძოლის ველზე. მან თავისი პირით აღიარა, რომ ყველაფერი ეს „ბლეფი“, მათი დადგმული სცენარი იყო. ვინმესთვის ხომ უნდა გადაებრალებინათ მათი დანაშაული. დღემდე გრძელდება“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ედავებოდნენ როინ შავაძეს, ციცინო შავაძემ აღნიშნა, რომ „ფურცელზეც ვერ დაწერეს, რომ რამეს ედავებოდნენ, რადგან ამ ყველაფერს მტკიცებულება სჭირდებოდა“.
„არ ჰქონდათ არანაირი მტკიცებულება, რადგან ეს კაცი უდანაშაულო იყო. დღეს ამის მტკიცება არ უნდა მიწევდეს, რადგან მათ აქვთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ როინ შავაძე არ იყო არანაირი ზემოქმედების ქვეშ და მოკლეს განზრახ – აწამეს და მოკლეს. ის აღიარებითი ჩვენება დააწერინეს იარაღის მუქარით, რომ მას ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკები. დღესაც ვერ მოუნელებიათ, რომ სიმართლე დამტკიცდა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
შავაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ „ეს ადამიანი სუფთაა და არავითარი ბრალი არ მიუძღვის“.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი გამოიძიონ და დაისაჯოს მიხეილ სააკაშვილი როგორც მკვლელობის დამკვეთი, მწამებელი ადამიანი. არ აწყობდათ, როინ შავაძე ცოცხალი ყოფილიყო. არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ და მიიღეს გადაწყვეტილება, როინ შავაშე აღარ ყოფილიყო“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“.
0
0