23/03/2023
14:03
პოლიტიკა
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სიტყვიერი ომი გრძელდება - თეთრმა სახლმა ბოლო აზრები გამოთქვა რუს პილოტზე, რომელმაც შავ ზღვაში ამერიკული დრონი ჩამოაგდო.
როგორც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ გაოგნებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მფრინავის „მამაცობის ორდენით“ დაჯილდოების შესახებ.
"მე არ გამიგია მსოფლიოში სხვა სამხედრო მფრინავი, რომელიც [თავდავის უწყებას] დაეჯილდოებინოს თვითმფრინავის დამსხვრევისთვის. თუ ეს სიმამაცეა, მაშინ ვფიქრობ, რომ ისინი [რუსები] ამ დეფინიციას განსხვავებულად აღიქვამენ. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადასცეს პილოტს ჯილდო მამაცობისთვის, რომელმაც, უარეს შემთხვევაში, რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავი, როდესაც აშშ-ის საკუთრება გაანადგურა და, საუკეთესო შემთხვევაში, კი მოიქცა როგორც, უბრალოდ იდიოტი", - თქვა კირბიმ.
კირბი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ გაკეთებულ კომენტარებს დიდი ბრიტანეთის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ბრიტანეთი უკრაინაში გაუმდიდრებელი ურანის შემცველ საბრძოლო მასალას აგზავნის.
კრემლის განცხადებით, ეს ნაბიჯი ბირთვულ ესკალაციას უტოლდება, თუმცა კირბიმ ეს რიტორიკა უსაფუძვლო არგუმენტად შეაფასა.
„საბრძოლო მასალა, რომელიც დაეხმარება უკრაინას რუსეთის სატანკო თავდაცვის დაძლევაში, არ არის რადიოაქტიური და არც ბირთვული იარაღის მსგავსი. ეს არის ჩვეულებრივი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებით ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რუსეთს განსაკუთრებით აღელვებს თავისი ტანკებისა და მათი ეკიპაჟების კეთილდღეობა... მათ შეუძლიათ უბრალოდ გადაიყვანონ ისინი საზღვრის გადაღმა რუსეთში,“ - აღნიშნა კირბიმ.
0
0