22/05/2023
12:13
მსოფლიო
მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, ქვეყნის პრეზიდენტის მაია სანდუს ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციაზე 75,000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ.
ქვეყნის პროდასავლურმა მთავრობამ რუსეთი დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა, რაც მოლდოვას პრორუსული ოპოზიციური პარტიის Sor-ის მხარდაჭერაში გამოიხატება. მოსკოვი უარყოფს მოლდოვას შიდა საქმეებში ჩარევას.
მაია სანდუმ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ მის ქვეყანას აღარ სურს, ევროკავშირისგან იზოლირებული იყოს.
”მოლდოვას ასევე არ სურს კრემლის მხრიდან დაშანტაჟებული იყოს”, - აღნიშნა სანდუმ და პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მოლდოვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
თებერვალში, მაია სანდუმ რუსეთი დაადანაშაულა, რომ რუსეთი, სერბეთის, ბელარუსისა და მონტენეგროს უცხოელი დივერსანტების დახმარებით, მოლდოვის მთავრობის დამხობის შეთქმულებას აწყობდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები და მათ "სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი" უწოდა.
აქციაზე შეკრებილებს ასევე სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაერთიანებისთვის უკვე მზადაა.
„ევროკავშირმა უნდა მიიღოს მოლდოვა გაშლილი ხელებითა და გულით. ის უკვე მზადაა ევროინტეგრაციისთვის. ეს ჩვენ ორივეს გვეხება: თქვენ ევროპას გააძლიერებთ“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
მეცოლამ დასძინა, რომ მოლდოვას მთავრობა "ნელი ტემპით ახორციელებს მართლსაჯულების სისტემაში რეფორმებს", რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე.
რუსეთ-უკრაინის ომმა მოლდოვაზე მძიმედ იმოქმედა - უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა რაკეტებმა არაერთხელ გადაკვეთა მოლდოვის საჰაერო სივრცე. ქვეყანა, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარეობს, ასევე დამოკიდებულია რუსულ გაზზე, როგორც ცნობილია, გასულ წელს მოსკოვმა მოლდოვაში გაზის მიწოდება გაანახევრა. შემდეგ გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირებამ პროტესტი გამოიწვია, რის გამოც, მაისის დასაწყისში, მოლდოვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა თამანდებობიდან გადადგა.
0
0