
30 ივნისიდან რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, უნდა დარეგისტრირდნენ ერთიან იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში. ამის შესახებ იუწყება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია.
თუმცა, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პროცედურა ნებაყოფლობითია.
დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ეს არის „ექსპერიმენტის მეორე ეტაპი“, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
„ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ჩასვლამდე, სულ მცირე, 72 საათით ადრე გაიარონ ციფრული რეგისტრაცია. ეს უნდა გაკეთდეს სახელმწიფო სერვისების RuID აპლიკაციაში. გადაუდებელ შემთხვევებში (მაგალითად, ახლო ნათესავის ავადმყოფობა ან გარდაცვალება), განაცხადის წარდგენა დაშვებულია უფრო მოკლე ვადაში - ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 30 ივნისიდან, რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტში შეგროვდება ბიომეტრიული მონაცემები: ფოტოები და თითის ანაბეჭდები.
მანამდე, ოკუპირებულმა სოხუმმა და ცხინვალმაც განმარტეს, რომ აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის "მოქალაქეებისთვის" რუსეთში შესვლის პროცედურა უცვლელი რჩება.
მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის "საელჩომ" ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
აღნიშნულია, რომ მითითებული მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წინასწარ შეამოწმონ, აქვთ თუ არა მათ რუსეთის ფედერაციაში შესვლის შეზღუდვები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
0
0
28 ივნისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
26/06/2025