19 მაისს, რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ძმა, ვლადიმირ პოდოლიაკი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ იგი მუშაობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში („გრუ“). ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჩეხურ პროექტ KIU-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინაში რუსი ოფიცრების დაღუპვის ფაქტებს იკვლევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხაილო პოდოლიაკის უფროსი ძმა 2024 წლის 19 მაისს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გარემოებები უცნობია.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს მედლები პოდოლიაკის ძმის სურათზე და დაასკვნეს, რომ ის რუსეთის დაზვერვაში მსახურობდა.
მის საფლავზე გვირგვინია „გრუ“-ს სპეციალისტთა მომზადების ცენტრისგან.
„ინფორმაცია მისი „გრუ“-ში მუშაობის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წელს გავრცელდა. მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტებს 2024 წლის თებერვალში დაუდასტურა, რომ მისი ძმა მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ უარყო, რომ იცოდა მისი ძმის რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობის შესახებ“, - წერს ჩეხურ პროექტი KIU.
გარდა ამისა, მიხაილო პოდოლიაკმა ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ მისი ძმა პენსიაზე გავიდა და მეტიც, მას თითქმის არანაირი კონტაქტი არ ჰქონია მასთან. თუმცა, 2023 წლის სტატიებში ნათქვამია, რომ მიხაილო პოდოლიაკი და მისი ძმა, სავარაუდოდ, ერთმანეთს შეხვდნენ სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე 2022 წლის მარტში.
„გრუ“-ს მაღალი რანგის ოფიცრის გარდაცვალებამ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ოჯახური კავშირები აქვს უკრაინის პრეზიდენტის ახლო წრეში მყოფ ადამიანთან, შეიძლება გამოიწვიოს ეჭვები, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე პენსიაზე იყო. რა თქმა უნდა, ის შეიძლება მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით, შემთხვევით ან დაავადების გამო“, - აღნიშნავს პროექტი KIU.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
„მიხაილო პოდოლიაკზე მისი ძმის გამო თავდასხმებს ჩვენი მტრების ინტერესების სუნი ასდის. [...] ადამიანები მათი საქმით უნდა განვსაჯოთ და არა ოჯახური კავშირებით. მე თავად არ მაქვს კონტაქტი ჩემს ერთ-ერთ ძმასთან და რა თქმა უნდა, არ ვარ პასუხისმგებელი მის ქმედებებზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
0
0