
რუსეთში, აშშ-რუსეთის მოქალაქეს, ბალერინა ქსენია კარელინას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მან უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციას 51,80 აშშ დოლარი გადასცა. ქსენია კარელინა, თებერვალში, ეკატერინბურგში დააკავეს.
გამომძიებლებმა ქსენია კარელინას მობილური ტელეფონის დათვალიერების შედეგად დაადგინეს, რომ მან $51,80 შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაცია Razom-ს, რომელიც, რუსული არმიის შეჭრიდან პირველივე დღეს, უკრაინას ეხმარება.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 33 წლის ბალერინამ, აგვისტოს დასაწყისში გამართულ დახურულ სასამართლო პროცესზე, „სამშობლოს ღალატი“ აღიარა. ქსენია კარელინას საქმე იმავე სასამართლომ განიხილა, რომელმაც, 2024 წლის ივლისში, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის საქმეზე გაასამართლა.
როგორც ცნობილია, მოყვარული ბალერინა ქსენია კარელინა რუსეთში დაიბადა, თუმცა 2012 წელს საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა, 2021 წელს კი - აშშ-ის მოქალაქე გახდა. უფლებადამცველი ჯგუფის The First Department-ის ცნობით, 2024 წლის დასაწყისში, კარელინა რუსეთში ოჯახის სანახავად დაბრუნდა, როდესაც ის დააკავეს. როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, დაპატიმრებამდე, კარელინამ პროაქტიულად შეაგროვა თანხა ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესების სასარგებლოდ.
კერძოდ, შემოწირულობა გამოიყენებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტაქტიკური სამედიცინო აღჭურვილობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. საქველმოქმედო ორგანიზაცია უარყოფს, რომ ის კიევს სამხედრო დახმარებას უწევს.
0
0