
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა. მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი სქემა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა -იუწყება გამოცემა SOVA.
ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.
„ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მატარებელი 62 კონტეინერით. ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელი ჩამოვიდა შეუფერხებლად - საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ლაბახუას თქმით, მატარებელი საპირისპირო მიმართულებით წავა სხვა ტვირთით რუსეთის ფედერაციისთვის.
„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებით. იქ საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრს მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ მეორე და ასე, როგორც ამბობენ, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკობით" ივსება", - თქვა ლაბახუამ. .
აფხაზეთის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის შესახებ ინფორმაციაზე ქართული ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
0
0