
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობაა.
შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ხელს შეუწყობენ სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სატრანსპორტო სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიურ სფეროსა და სატრანსპორტო სექტორს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და გაეცნონ სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, მათი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სპეციალისტების მომზადებას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალისტების მომზადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა „ტრანსპორტი“, რომელიც სტუდენტებს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს აძლევს. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება სატრანსპორტო პროცესების მომსახურებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელთა მიზანი დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოს დაუკავშირონ, გაეცნონ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების სპეციფიკას და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ უშუალოდ დარგში მოქმედი კომპანიის საქმიანობის გაცნობით.
თანამედროვე ურბანული ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს საინჟინრო ცოდნას, ტექნიკურ კომპეტენციებს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის, ისე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებასაც, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და მთიან რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთლმა.
0
0