
ბელარუსის ყველა სამხედრო აეროდრომის გამოყენებით, მოკავშირეები დღეიდან 1 თებერვლამდე საჰაერო ძალების წვრთნებს ატარებენ.
უკრაინამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ახალი შეტევის გამო ბელარუსის ტერიტორიიდან რადგან ეს ქვეყანა მანამდე თავდასხმების პლაცდარმად გამოიყენებოდა. უკრაინის განცხადებით, რუსეთი ახორციელებს ზეწოლას ბელარუსზე, რათა ის, ჯარების გაგზავნით, უშუალოდ ჩაერთოს ომში. შესაბამისად, უკრაინა ბელარუსის საზღვართან თავდაცვას აძლიერებს.
ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ პაველ მურავეიკომ განაცხადა, რომ უკრაინა-ბელარუსის სამხრეთ საზღვართან მდგომარეობა "ძალიან მშვიდი არ არის " - უკრაინა ბელარუსს "პროვოკაციას" უწყობს.
"ჩვენ მზად ვართ უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისთვის", - აღნიშნა მურავეიკომ.
ბელარუსმა განაცხადა, რომ საჰაერო წვრთნები, რომელსაც ის ატარებს, თავდაცვითია და ქვეყნის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვას არ ითვალისწინებს.
თუმცა, Telegram-ის არაოფიციალური სამხედრო მონიტორინგის არხები წლის დასაწყისიდან იუწყებიან, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეები, შვეულმფრენები და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები ბელარუსში შედიან.
უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის დაწყებიდან მინსკმა არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, როგორც დამოუკიდებლად, ისე რუსეთთან ერთად და აცხადებდა, რომ ბელარუსში რუსეთის საჰაერო ძალების მხოლოდ "მცირე ნაწილი" შედიოდა.
0
0